კავკასიის მსოფლიო კულტურის ცენტრი
სიახლეები
ძვირფასო მკითხველებო, ,,მედეას” 11-ე ნომერში თე- მატურად და თვისობრი- ვად მრავალფეროვან სტა- ტიებთან ერთად, თქვენ გაეცნობით მადლიერებისა და აღიარების წერილებს, რომელთა ავტორების გამო- ცდილებ...

 

 

XXI საუკუნის ადამიანის უფლებათა

დეკლარაცია

 






მუხლი 1. ყოველ ქვეყანას გააჩნია დამოუკიდებლობის უფლება. ყოველი ქვეყანა, რომელიც შინაგანი გაცვლა-გამოცვლის წყალობით მიაღწევს არსებობის საშუალებას, მოიპოვებს დამოუკიდებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში აშკარა და ფარული უცხოური კაპიტალის ბატონობა დაიმონებს ნებისმიერ  ხალხს, წაართმევს თვითდამკვიდრების უფლებას და გადააქცევს სხვათა აღზევების უბადრუკ მჭვრეტელად.
მუხლი 2. ყოველ მასწავლებელსა და ექიმს აქვს უფლება სახელმწიფოსგან უზრუნველყოფილი და დაცული იყოს. უმეცრება, სიღატაკე, ავადმყოფობა იმ ქვეყანათა თანამგზავრია, სადაც მასწავლებელი და ექიმი ბედის ანაბარაა მიტოვებული.
მშიერი ექიმი ვერ უმკურნალებს. შეჭირვებული მოძღვარი ვერ შექმნის ევოლუციას, ვინაიდან პირველი, ვერცხლის სიყვარულის გამო თავისდაუნებურად დამნაშავე ხდება, ხოლო მეორე, დღიურ ლუკმაზე ფიქრით დათრგუნული, მუდმივად ვეღარ ზრუნავს საკუთარი ცნობიერების ამაღლებაზე.
სიცოცხლე უღიმღამოა მასწავლებლის გარეშე, სიცოცხლე ტანჯვაა ექიმის გარეშე, სიცოცხლე მკვდარია გმირის გარეშე. საჭიროა დაუღალავად ვიზრუნოთ მასწავლებელზე, ექიმზე და გმირზე, ისინი ტოლფასი მცნებებია, მათ წარმატებებისკენ მივყავართ. ისინი ცხოვრებისეულ სიმძიმეთა გადატანაში გვეხმარებიან და ყველასათვის სიმამაცის წყაროს წარმოადგენენ. არ არის ძნელი იმის დანახვა, რომ მასწავლებელი და ექიმი ეს ერთი დედაარსია _ მოძღვარი, და გასაგები ხდება ძველი მტკიცება: "მოძღვარი ყველაზე დიდი გმირია. მისი აღჭურვილობა არ იჟანგება, არ ცვდება. ლაშქარი შეიძლება უკუიქცეს, მაგრამ მოძღვარი უკან არ დაიხევს. შევამკოთ იგი გმირთა დაფნის გვირგვინით!”
ჭეშმარიტად აღზევებულია ერი; ვისი მასწავლებელი და ექიმი სახელმწიფოს ზრუნვით არიან დაცულნი, ვინაიდან სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის აღორძინებისა და განვითარების პროცესს.
მუხლი 3. ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ცნობიერების დამოუკიდებლად ფორმირების წმინდა უფლება მეცნიერების, ხელოვნების, ფილოსოფიის და თეოსოფიის საფუძველზე. აქვს უფლება დაიცვას იგი ყოველგვარი ხელყოფისაგან სპეცსამსახურების მხრივ, მასობრივ ინფორმაციათა საშუალებებისაგან და სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ აზრთა ინსტიტუტებისაგან, რომლებიც ნერგავენ მათთვის როგორც სასურველ, ასევე "მოსახერხებელ” მსოფლმხედველობას, გემოვნებას, ზნეობას, პოლიტიკურ შეხედულებებს, ახალგაზრდობის ორიენტაციას მონოპოლიის უფლებებით, არამარტო პოლიტიკურ ძალაუფლებაზე ან ინფორმაციის წყაროზე, არამედ თვით "ჭეშმარიტებაზეც.”
ერის თავისუფალი ცნობიერების კრიტერიუმებია მისი მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, განათლება, ზნეობის პრინციპები და მატერიალური კეთილდღეობის დონე.
ცნობიერების დამოუკიდებელი ფორმირების უფლება ეს ის ერთადერთი უფლებაა, რომელიც იმედს გვისახავს, რომ ყოველი ინდივიდი ეზიარება ცოდნას და ძალას, რომლითაც ამაღლდება მარიონეტული მდგომარეობიდან. იგი განიცდის ქვება სულების, წარმავალი ფანტაზიების, ბნელეთის მოციქულთა და ყველა ეპოქის ტირანთა გავლენას.
დაამსხვრიეთ ბორკილები და მოიცილეთ სხვისი გავლენა.
აირჩიეთ ნათელი გზა, უსაზღვროებისაკენ რომ მივყავართ. ეს შესაძლებელია, და შესაძლებელია საკუთარი ცნობიერების დამოუკიდებელი ფორმირების წმინდა უფლების მოპოვებით.
მუხლი 4. ადამიანის შეუვალი უფლებაა სამშობლოს წმინდა სიყვარული. იგი უმიზეზოდ არ იბადება ამა თუ იმ ქვეყანაში. კაცობრიობის სამსახური შეუძლია მხოლოდ მას, ვინც უფლება მოიპოვა _ უყვარდეს და საქმით გაუთქვას სახელი თავის ერსა და სამშობლოს.
ყოველი ადამიანის წმინდა უფლებაა დაიცვას სამშობლო ტერიტორიული, იდეოლოგიური თუ მატერიალური შებღალვისაგან.
მუხლი 5. ყოველ ადამიანს გააჩნია ნების თავისუფლება.
ეს დიადი გრძნობა, რომელიც მას ეკუთვნის, არის თავისუფლება სიკეთის ქმნისა. პიროვნების ნება ქმედითი სიკეთის გაერეშე, ადამიანთა მიერ ქცეულია ამაზრზენ ურჩხულად: იარაღის წარმოება, შურისძიება, ორგანიზებული დანაშაული და სხვა მიწიერი მიდრეკილებები გახლავთ ცხოვრების ის წესი, რომელიც განაპირობებს უზნეობას.
ადამიანს მიეცა ნება, რათა სამყაროს მატერიალური გეგმილის გვირგვინი გამხდარიყო. ამიტომ, ღმერთი არ ერევა ამქვეყნიური პრობლემების გადაწყვეტაში, სანამ ადამიანი არ მოუხმობს მას. იგი ამგვარად საკუთარი ნებით აკეთებს არჩევანს, რომ ღმერთმა ინებოს მისი გადარჩენა. მაცხოვარმა განახორციელა ამ ძალაუფლების გადაცემა პირადიდან ღვთიურისადმი, როდესაც განაცხადა: "მამაო... ხოლო ნუ ნება ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ” და ამით მაგალითი მოგვცა ჩვენ.
ამგვარად, ადამიანის ნების უფლება შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ქმედების შეგნებული გადაცემა ღვთისადმი და არა მისი საწინააღმდეგო, ის რაც არ უნდა დამკვიდრდეს ადამიანის ცნობიერებაში, ეგოში, რადგან იგი აიძულებს მას უბადრუკი მიწიერი არსებობის ტვირთი ზიდოს. ირჩევენ რა მათ შორის უარესს, ადამიანები გზას იკვეთენ ძლიერების ღვთიური წყაროსკენ, სიბრძნისკენ და სიყვარულისკენ. მანამ, სანამ არ გამოცდიან წუთისოფლის ამაოებას, ისინი ვერ შეიცნობენ ნების ერთადერთი უფლების სიდიდეს, _ ნებას ღმრთისას, სიკეთის ქმნის თავისუფალ ნებას.
მუხლი 6. ცოდნის შეძენა ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა, ვინაიდან მხოლოდ იგია ბედნიერების საფუძველი, მარადიული და წარუვალი ბედნიერებისა, რადგან შემეცნება განუსაზღვრელია თავის შესაძლებლობებით. ნუ ვიფიქრებთ, რომ შემეცნების გზა რთულია, მაგრამ მის გარეშე შეუძლებელია გახდე მირონცხებული, _ სრულქმნილი ადამიანი. ბევრი დაბრკოლებაა ცოდნისა და სრულქმნილების გზაზე, და მათი დაძლევა გახლავთ ჩვენი ზრდის საზომი. განუსაზღვრელია ადამიანის ცოდნის შეძენის უფლების ფასი, რამეთუ ცოდნა _ ძალაა და ერთადერთი სილამაზე.
მუხლი 7. ყოველ ადამიანს უფლება აქვს აღმოფხვრას წარსულის ყოველგვარი მავნე გავლენა და ომი გამოუცხადოს მის საუკუნო ტირანიას. საჭიროა გავიგოთ, რომ თუ სულ მცირეოდენ წარსულსაც კი აუტანელ შევიწროვებად განვიცდით. მაშინ გასაგებია, როგორ ბორკილებად შეიძლება იქცნენ მრავალსაუკუნოვან პრეტენზიათა და წყენათა დანალექები. ისინი ხელს უშლიან ყოველგვარ წინსწრაფვას, დგებიან რა გადაულახავ ზღურბლად, როგორც პირად, ასევე საერთო საკაცობრიო ევოლუციის გზაზე.
კმარა ისტორიის პატივმოყვარეობის ნამსხვრევებზე ჩაჭიდება სახელმწიფოთა, საზოგადოებათა და ცალკეულ პირთა, საყოველთაო ევოლუციისთვის. ადამიანი, რომელიც ამ უფლების რეალიზაციას მოახდენს ატლანტად იქცევა, ვის მხრებზეც მთელი ტვირთი ძევს.
დაე, გამარჯვებამ წარსულზე, მომავლის კარიბჭე გააღოს!
მუხლი 8. ყოველ ადამიანს აქვს კეთილსინდისიერების უფლება.
მთავრობები, რომლებსაც სურთ მიჩქმალონ ზრახვები, ჩვეულებრივ, წარმატებათა ნიღბით, მესაფლავეთა შრომას კისრულობენ. საჭიროა გავაფრთხილოთ ერები, რომ დადგა ეპოქა ახალი უფლებების, სავსე გონიერებით, შემოქმედებით, ერისა და პიროვნების თანამშრომლობის უზენაესი ჰარმონიით. როდემდე უნდა იყოფოდეს მსოფლიო განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებად, როდესაც დემოკრატიის ყოველგვარი ნორმების მიუხედავად, ერთნი დამონებულნი არიან მეორეთა მიერ, როდესაც მკაცრად იცავენ, მაგალითად "ელიტარული,” ერის ეკოლოგიურ ინტერესებს, გაღატაკებულ "მეორეხარისხოვანთა” საზიანოდ. თითქოს მიწამ, ზეცამ და ჰაერმა იცოდეს ეთნიკური საზღვრები. მაგალითისათვის "ჩერნობილიც” კმარა.
საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ სინდისის უფლება დავკარგეთ უამრავი საჭიროების გამო, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს არამარტო ჩვენი რეპუტაციისა და მატერიალური კეთილდღეობისათვის, არამედ თვით ჩვენი სიცოცხლისათვისაც კი. ვლაპარაკობთ რა ამ უფლებაზე, არ ვგულისხმობთ კონკრეტულ პიროვნებას. ჩვენ ვლაპარაკობთ სინდისის უფლებაზე და მივუთითებთ უზენაესი სიმართლის გზისკენ, რომელიც მოკლებულია პირად საწყისს. ამგვარად, პატიოსნება გულისხმობს სიმართლეს, არა როგორც პირობით განყენებულს, არამედ როგორც გაცნობიერებულ აუცილებლობას.
მუხლი 9. ყოველ ადამიანს აქვს წმინდა უფლება, უფლებათა და მოვალეობათა ჰარმონიული შესისხლხორცებისა.
როცა ზნეობრივი ადამიანი უძლურია, _ იგი საცოდავია. როცა ძლიერი ადამიანი უზნეოა, _ იგი საზიზღარია.
მათი სინთეზი, შეერთება ერთ პიროვნებაში ყოველ ადამიანს, ჭეშმარიტად, კაცობრიობის მშვენებად გადააქცევს.
განვახორციელოთ სულიერი უფლებებისა და ზნეობრივი მოვალეობების ჰარმონიული სინთეზი, როგორც პიროვნული ღირსებების, ასევე ჰარმონიული იმუნიტეტის საუკეთესო თვისება.
მუხლი 10. ყოველ ადამიანს აქვს სიხარულის უფლება. ეს უფლება ძირფესვიანად ცვლის ყველა ჩვენს მიწიერ წარმოდგენას სიხარულზე, რამეთუ ჭეშმარიტი სიხარულია:
1) ლტოლვილობა და არაგანდიდება;
2) მსახურება და არა ძალაუფლება;
3) მოწყალება და არა მომხვეჭელობა;
4) თესვა და არა მკა.
ვინაიდან პირველნი ამთავრებენ წარსულს და თავისუფლების სიხარული მოაქვთ, მაშინ როცა მეორენი ახალ ბორკილებს ქმნიან, რომლებიც მიგვაქანებენ უბადრუკი მიწიერი არსებობისაკენ. პირველი _ სულის მონაპოვარია. მეორე _ ბორკილებია, რამეთუ ვინ მიდის სამუშაოდ სიხარულით აღსავსე?! მთესველი, მაგრამ არა მკელი. მთესველი ფართოდ აბნევს მარცვალს მარჯვენა ხელით, ქარი მიაქროლებს მარცვლებს, მაგრამ იგი მღერის _ მისთვის მინდორი ტრიალი არ არის, და მიდის იგი მხოლოდ მაშინ, როდესაც ხოდაბუნი მარცვლით გაძღება. მისთვის სულერთია, თუ რომელი მომკელი მოიწევს მის ნათესს და ახალ მარცვალთა სამკელს გათიბავს.
სიხარული, _ ეს სამყაროს ტვირთია, დანარჩენი ევოლუციასთან არათანაზიარია, რადგან საკუთარი თავის გამოკვებაა სხვათა საკვებად...
მაშ ნუ დავივიწყებთ, რომ სიხარული განსაკუთრებული სიბრძნეა!
მუხლი 11. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თაყვანი სცეს ეროვნულ გმირებს. იმისდა მიუხედავად თუ როგორ ეპყრობიან მათ, შეიძლება ვიმსჯელოთ ერის აღმავლობა-დაღმავლობაზე. ერი, რომელიც აღმავლობის გზაზეა, შეჰხარის გმირს, მაგრამ დაკნინებული ერისათვის გმირის მცნება მძიმე ტვირთია. ასეთმა ერმა თუნდაც ოქროში იცურაოს, აღვსილი იყოს ამპარტავნობითა და ქედმაღლობით, გმირობა მისთვის შეუფერებელია.
შეუპოვარ მისწრაფებათა მგზნებარებამ მიატოვა მათი გონება. ტყუილად არ უთქვამთ: "განწირულია ერი, რომელიც დაუშვებს თავისი გმირების ტალახში ამოსვრას.” ჭეშმარიტად მკვდარია ერი, რომელიც საკუთარ გმირებს დაივიწყებს, ხოლო მთავრობანი, რომლებიც აღარ შექმნიან ან მივიწყების ჩრდილში ამყოფებენ მათ _ დამნაშავენი არიან.
მიმდინარეობს რასათა ცვლა, მასთან ერთად ადამიანთა სიხდალეც იზრდება, ამ დროს ვინ უნდა იზრუნოს, თუ არა მთავრობამ, ერის გმირული სულის შესანარჩუნებლად?
ყოველი ერი უსაზღვროდ მდიდარია გმირებით და როდესაც ღალატთა წყლულებს მოედება შეძრწუნების ცეცხლი, აღსდგებიან ისინი თავიანთი შეუპოვრობით. ყველაზე მრისხანე აუცილებლობის ჟამს აღსდგება გმირი სიყვარულისა და თავგანწირვის სულისკვეთებით.
მაშ უარს ნუ ვიტყვით წმინდა უფლებაზე, თაყვანი ვცეთ და პატივი მივაგოთ ჩვენს ეროვნულ გმირებს.
მუხლი 12. ყოველ ადამიანს აქვს შეუპოვრობის უფლება, ჩვენს გულებში ჩასახული ევოლუციის ნების მიხედვით. ეს აღმასვლის უზენაესი უფლებაა და შეუძლებელია მისი წართმევა. ყოველთვის, საკუთარ თავთან განმარტოებისას თუ საზოგადოების წინაშე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი ხელშეუვალი უფლებაა. მხოლოდ ბრმას არ ძალუძს დაინახოს ევოლუციის მიმართულებანი. როდესაც მკაფიოდაა მინიშნებული ცოდნის კარი, ძნელი არ არის სიბნელიდან მისკენ გაემართო.
შეუპოვრობა! არ შეიძლება გავიაზროთ როგორც გაუგონარი გმირობა. განა შეუპოვრობა ყოველდღიური ტაბლა და ყოველგვარ ზრახვათა სამოსი არ უნდა გახდეს? განა დილეგთა კედლები გამჭვირვალე არ გახდებიან? და განა არ გაიხსნება საიდუმლო წერილის ბეჭედი შეუპოვართათვის? ვიყენებთ რა შეუპოვრობის უფლებას, ჩვენ ვირჩევთ უიოლეს გზას. გულმა იცის ამ გზის ჭეშმარიტება. ამჟამად არ შეიძლება სხვა გზის მითითება.
წარმოვაჩინოთ შეუპოვრობის უფლება, როგორც ევოლუციის ბუნებრივი ნება.
მუხლი 13. ახალი საყაროს ცნებაში ყოველ ადამიანს აქვს საკუთრების უფლება. უპირველეს ყოვლისა საჭიროა თამამად განვაცხადოთ _ ახალი სამყარო უკვე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ შეცდომაა ვიფიქროთ, რომ მიწათა დაპყრობა და ერთა დამონება ახალი დროის სამყაროს ამოცანებს პასუხობს, _ ეს წარმავალი აზროვნების კუთვნილებაა. დასამალი არაა, რომ სწორედ ამჟამად კაცობრიობის წინაშე გადაიშალა წიგნი, აღმოჩენებისა და გმირობისა. ამიტომ საკუთრება, დაპყრობილი მიწები, ერები და საკუთარი ხალხის ფენები კი არ არის, არამედ აზროვნების მაღალი თვისება.
მივიღოთ საკუთრების მცნება მასზე მთლიანი პასუხისმგებლობით, როგორც უზენაესი თვისება აზროვნების და ამაღლებული ცნობიერებისა, როგორც უზენაესი თვისება საგნებთან და სამყაროსთან ჩვენი ურთიერთქმედებისა. საკუთრების სხვანაირი მცნება უღირსი და დამამცირებელია, ვინაიდან იგი უკვე წარმავალი საუკუნის მიღმა იმყოფება (მეფე მხოლოდ საკუთარ სამშობლოშია მეფე, ბრძენი კი ყველგან ბრძენია).
შეიძლება თუ არა ევოლუციის ეს ნაყოფი იარაღით გავაპოთ, თავზარი დავცეთ დაშინებით ან მდაბიო სულმოკლეობით, ან ხელში ჩავიგდოთ მზაკვრული ღალატით? არა! რამეთუ დადგა ეპოქა ცნობიერების საყოველთაო გამდიდრებისა და არავის ეგების თქვას უარი ამ საკუთრების პირად უფლებაზე. არ არსებობენ ძალები, რომელთაც ახალი ეპოქის შეჩერება შესძლონ. ვწუხვარ, დრომოჭმული ცნობიერების მიერ საკუთრებისათვის დახარჯული უზარმაზარი ენერგიის გამო: მძიმეა უყურო, თუ როგორ მიათრევენ ადამიანები გადმონაშთთა ძნოძებს და ავიწყდებათ, რომ ცხოვრების გზაზე, მხოლოდ რჩეული ნივთები უნდა ატარო.
და პატივს ვცემთ იმათ შეუპოვრობას, ვინც აღიარა უფლება ამ ერთადერთ წმინდა საკუთრებაზე.
მუხლი 14. ყოველ ადამიანს აქვს უკვდავების უფლება, უკვდავება უდიადეს ძალისხმევას ითხოვს მწირი ადამიანისაგან. საჭიროა თავი დავაღწიოთ ქაოსს, _ შფოთვისა და მოკვდავ აზრთა სამყაროს, რათა მივიდეთ ღვთიური გონების ამაღლებულ ცნობიერებამდე და გვესმას ჭეშმარიტების ხმა, რომელიც გაარღვევს მოკვდავი სიცრუის საფარს, გამოიყვანს ადამიანს დაბადებისა და სიკვდილის უსასრულო დინებიდან.
გზა ამისათვის მხოლოდ ერთია, _ თვითშემეცნება და თვითსრულქმნა. სხვაგვარად ადამიანები ვერ შეძლებენ მოკვდავი სუბსტანციიდან ააშენონ უკვდავი სხეულები, მოკვდავი აზრებიდან _ უკვდავი იდეები, მოკვდავი გრძნობებიდან კი _ ღვთაებრივი გრძნობები.
არის კიდევ ერთი აუცილებელი თვისება უკვდავებისაკენ მიმავალ გზაზე _ სიმამაცე. როდესაც ამ მდგომარეობას ამქვეყნიური შიშის დათრგუნვით მივაღწევთ, საჭირო იქნება გადავდგათ უკანასკნელი ნაბიჯი, სრული სიმამაცისაკენ: მივაღწიოთ სიმშვიდეს უფალთან დამოკიდებულებაში. ადამიანის იდეა, რომელიც მხოლოდ ღვთისადმი შიშზეა დამყარებული, უძველესი მემკვიდრეობიდან გვერგო.
უკვდავება დაფუძნებულია სრულქმნილების კანონზე და მასზე, რომ ღმერთს ადამიანი უყვარს, მაშინ როცა შიში გულისხმობს, რომ იგი იმყოფება რაღაც არასრულყოფილ მდგომარეობაში _ დაგმობილი და შეზღუდული.
ამ უფლების რეალიზაციისათვის ჩვეულებრივზე მეტი დისციპლინაა საჭირო. ეს უფლება ჭეშმარიტად გრანდიოზულია და შეიტანს რა სამყაროს მოწყობაში აუცილებელ წვლილს კაცობრიობა აღმართავს უზენაესი სილამაზის ზღუდეს, _ ჰარმონიული სიცოცხლის პირამიდას, დიდებულ არქიტექტურულ ნაგებობას.
უკვდავების უფლების რეალიზაციის გზაზე გამოვიჩინოთ სრული სიმამაცე.
მუხლი 15. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის უფლება, რამეთუ რწმენაში განმტკიცება, _ მიზანია.
რწმენა განსაკუთრებული ცოდნის, განსაკუთრებული სახეა, როდესაც ჩვენ ვიცით არსებობა ყოვლისმომცველი არსებისა, რომელსაც ვუწოდებთ ღმერთს, როდესაც ვიცით წმინდა არსებათა უსასრულო მწკრივის ასებობა, რომლებიც მისკენ მიისწრაფიან და მიაღწიეს ანგელოზთა მდგომარეობას, ვიცით, რომ ღვთისკენ მიმსწრაფველ არსებათა უსასრულო იერარქიაში ჩვენი მფარველი ანგელოზებიც არიან: მოძღვრები, რომელთაც მივყავართ ნათელფენილი გონების გზით ღმერთისაკენ.
რწმენა სულიერი ცოდნის მდგომარეობაა, განუწყვეტელი და დაუღალავი მოქმედებაა ამ ცოდნის რეალიზაციის გზაზე. დაე ზანტნი ნუ ინუგეშებენ თავს ცბიერად: ,,თუ რწმენა გვაქვს, დანარჩენი თვით დაერთვის”-ო. სამარცხვინოა იმის ცოდნა, რომ ჩვენ სწორედ ამით ნებაყოფლობით გავწირეთ თავი სიჩლუნგისა და სიზარმაცისათვის, რამეთუ ღმერთზე ცოდნის დაგროვების გიგანტური შრომა და ქანცგამწყვეტი დაიღალავი შრომით მიღწეული ცოდნის რეალიზაციაა.
როგორ მოვახდინოთ ამ უდიდესი უფლების რეალიზაცია?
ლაპარაკობენ ბრმა რწმენაზე, მაგრამ რწმენის უფლება _ მისი გაცნობიერების უფლებაა. რწმენა ეს ცოდნის სახეობაა _ ცოდნა კი არსებობს გონებრივი და გულისმიერი. ადამიანის მიერ უამრავი საშუალებაა მოგონილი რწმენის ხელოვნური განვითარებისათვის. ისინი, ვინც თვლიან, რომ მხოლოდ სულიერი განვითარება უწყობს ხელს რწმენის განმტკიცებას, უფრო ახლოს არიან მიზანთან. მხოლოდ აზრობრივი ვარჯიში იძლევა ამაღლებულ გულისხმიერ ცოდნას და რწმენას, მაგრამ რწმენის უფლების რეალიზაციისათვის ყოველდღე  და ყოველ საათსაა საჭირო ასეთი სულიერი ზეასვლა.
მუხლი 16. ყველას აქვს დანაშაულთან ბრძოლის უფლება. ბევრი ჩვენთვის ძვირფასი ადამიანია მოტყუებით ან ძალით ჩათრეული ბანდებში, რომლებიც კიბოსავით ედებიან და აზიანებენ თითქმის ყველა ქვეყნის დიდ ქალაქებს. დანაშაულს ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ, იგი შეჩერებული უნდა იქნეს, მანამ, სანამ კონტროლს დავკარგავდეთ მასზე.
სასწორზეა კაცობრიობის მომავალი, დანაშაული ფეხქვეშ თელავს არა მარტო ჩვენს უფლებებს, არამედ მომავალ თაობებს მთლიანად უსპობს საზოგადოებრივი ცხოვრების ელემენტარულ ნორმებს, ეკოლოგიურ დაცვას. თვით ზნეობრიობის ცნებაც კი ქრება ყოველდღიურობიდან. ჩვენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები, მომავალი თაობა, განწირულია ჩვენს მიერ ცხოველური არსებობისათვის. საჭიროა დანაშაულთან ბრძოლის უფლების რეალიზაცია, რათა არა მარტო რეაბილიტაცია გავუკეთოთ საკუთარ თავს წინაპართა წინაშე, არამედ უზრუნველვყოთ კაცობრიობის ევოლუციური მომავალი.
ვსაჭიროებთ რიგიანი, კანონმორჩილი ცხოვრების ნირის აღორძინებას, სადაც თვითონ სიცოცხლე განსაზღვრული იქნება როგორც უზენაესი ელექტრული მოვლენა. ნათელმფენმა ადამიანებმა, რომლებიც დანაშაულთან ბრძოლის უფლების რეალიზაციის გზას დაადგნენ,  მხარი უნდა დაუჭირონ დანაშაულთან ბრძოლის ყოველ მცდელობას.
ბევრმა იცის, რომ ცხოვრება უარესდება, მაგრამ ყოველდღიურობით ისე ძლიერ ვართ შეპყრობილი, რომ ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ იმას  რაც ასე ცხადია. ადამიანთა გრძნობები ჩლუნგდებიან. სხვანაირად აბა რითი შეიძლება აიხსნას ზნეობის საყოველთაო დაცემა, ხელოვნების გამიზნული გადაგვარება სტრიპტიზად, ეროტიკულ თეატრებად და ა. შ. ერები ვერ გრძნობენ თავიანთ ძირითად ზნეობრივ საფუძველთა რღვევას, ხოლო თუ გრძნობენ, არ იციან რით უშველონ თავს. ამიტომ მხოლოდ მათ, ვინც აღიქვა დანაშაულთან ბრძოლის უფლება, შესწევთ უნარი იბრძოლონ საყოველთაო გადარჩენისათვის, ასეთნი კი ბევრნი არ არიან. გვახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანები ჩიხში არიან მომწყვდეულნი, ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ შეიცნონ ძალები ბოროტებისა და შეებრძოლონ მათ _ იმ ძალებს, რომლებიც დაუღალავად იღვწვიან ყველაფრის ნგრევისათვის, რაც წმინდაა და სუფთა, რაც ღმერთისგანაა. ამ ძალებთან დამოკიდებულებაში აუცილებელია ზომების მიღება, პლანეტა უნდა გაიწმინდოს ყველაფრისაგან, რაც ანტი-სიცოცხლე, ანტი-სიმართლეა. დანაშაულთან ბრძოლის უფლება უკომპრომისოა. კომპრომისი მხოლოდ ერთია _ კულტურა.
მუხლი 17. ყოველი ადამიანის ღვთიურ გეგმას სამყაროს ადამიანის უკვდავი გეგმა წარმოადგენს. უკვდავი გეგმა _ ეს არის ღმერთთან იდენტურობის უცვლელი სახე, როგორც საუკეთესო გარანტია ყოველი ადამიანისათვის მასზედ, რომ გზა, რომელსაც იგი ადგას ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდება. უკვდავი გეგმის საუკეთესო ნიმუში, როგორც უზენაესი თავდაცვა ადამიანური თვითგანადგურების ტენდენციებისაგან, ცხოვრებისეულ მეჩეჩებსა და კლდეებზე, არის ქრისტეს ხატება. ღმერთმა ისე შეიყვარა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომ სავსებით გასაგებია, რომ იგია სრული მსგავსება ღვთისა, რომლის მიხედვითაც შექმნილია ყოველი ადამიანი.
მაშასადამე, ქრისტეს მსგავსება ყოველი ადამიანის ღვთიური უფლებაა.
გავიმეოროთ დიდი მაცხოვრის ყოველი ნაბიჯი, რათა ვეზიაროთ მის ხატებას. რითაც მოვახდენთ ჩვენი ღვთიური უფლების რეალიზებას.
მუხლი 18. ყოველ ადამიანს აქვს ღირსების უფლება _ ერთადერთი უფლება, რომელიც წარმოიშვება ყოველი ადამიანის ღვთიური კეთილშობილებიდან მისი, პირველშობილის უფლებიდან გამომდინარე.
ღირსების საზომი _ გულწრფელობა, მსოფლიოს სიდიადის საფუძველია. გავაცნობიეროთ რისთვისაა აუცილებელი ღირსება, თავმოყვარეობა და მისგან გამომდინარე სხვა კეთილშობილური თვისებები: თავისუფლება, რისკენაც ადამიანი მიისწრაფის, მიიღწევა ღმერთის გულიდან მოვლენილი ღირსების თვისებით, რომლის მეშვეობითაც ადამიანები, საკუთარი კეთილშობილებიდან გამომდინარე, სხვის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებენ და შეიცნობენ ჭეშმარიტი ძმობისა და მსახურების მნიშვნელობას. ღირსების უფლება, ეს კოსმიური გმირობის უფლებაა.
გმირი არ არის ის ვინც გველს გადაარჩენს, რათა მეგობარი დაკარგოს.
გმირი არ არის ის, ვინც გაურბის მოვალეობას და საბოდიშო სიტყვებს ეძებს.
გმირი არ არის ის, ვინც დაკარგა გულის საზომი.
ამიტომაა, რომ ისევ და ისევ გვაოცებენ ადამიანური შეუსაბამობანი, _ ადამიანები ეძიებენ რა სულიერ განსწავლულებასა და სულიერ თავისუფლებას, ამავდროულად ქმნიან არასრულყოფილ დამოკიდებულებასა და უთანხმოებას საკუთარ ძმებთან. ადამიანური ღირსება, საკუთარი არასრულყოფილების აღიარებაა, ღმერთი არასოდეს არის დამცირებული იმ მცდარი ადამიანური ურთიერთობებით, რომლებიც ჩვეულებრივ ცდილობენ დამკვიდრდნენ რომელიმე გამომწვევი ფორმით, რასაც ჩვენს სინამდვილეში შეიძლება ჰქონდეს საფუძველი, ან შეიძლება არც ჰქონდეს.
ხოლო როდესაც გამოიყენება ღვთიური ღირსების უფლება, ადამიანური მიზნები ღვთიურ მიმართულებას იძენენ და მაშინ იმ ადამიანის არსებაში, რომლისთვისაც დამახასიათებელია აბსოლუტური მისწრაფება კეთილმსახურებისკენ ადგილი არა აქვს გადახრას. ქვეყანა სავსეა ადამიანებით, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ის არის ღვთისგან, რომელიც ადამიანთა თავისუფლებას ემსახურება.
სულიერება უმეტესად იმ პირთათვისაა ეფექტური, ვინც სამართლიანობის სულიერ განვითარებასა და მოწყალებასთან ერთად მიისწრაფვის მოიპოვოს ღირსების კეთილშობილური უფლება.
ღვთაებრივი ღირსების უფლება სულიერი არისტოკრატის უმშვენიერესი მონაპოვარია.
მუხლი 19. ყოველ ადამიანს აქვს ადგილის უფლება მარადიულ და უსასრულო კოსმიურ იერარქიაში. ეს ტოტალური წესრიგია, რომელიც თავის თავს ავლენს, როგორც მდაბალ, წარმავალ მიწიერ განზომილებაში, ასევე უმაღლეს _ კოსმიურ განზომილებაშიც.
კოსმიურ განზომილებაში, ყოველგან არსებული კოსმიური გონება ძაბავს ყველა ელემენტს. პოტენციურად განსაზღვრული ენერგიები იკავებენ თავიანთ ადგილს კოსმოსში და მზარდი ძლიერების ხარისხში ამტკიცებენ თავიანთ დანიშნულებას. ამგვარად, ენერგიის პოტენციალი ანიჭებს პირველობას ან დაბალ საფეხურს. უზენაესი ძალა დაყენებულია ყველაფერზე მაღლა, ეს კანონი კოსმიურ მტკიცებაზეა დაფუძნებული. იერარქი, ეს არის მოძღვარი, ეს კოსმოსის მარადიული ურღვევი წესრიგია დაფუძნებული იერარქის სულის პოტენციალზე. მიწიერ, ადამიანურ განზომილებაში უამრავი იერარქიაა: საგვარეულო, ფინანსური, ადმინისტრაციულ-მმართველობითი, მრავლადაა დამნაშავეთა სამყაროს იერარქიებიც. ისინი ყველა წარმავალია, დრო ანგრევს მათ, როგორც ბანქოს ხუხულებს, რამეთუ ადამიანური იერარქია _ ეს ძალადობის იერარქიაა, დამონებაა ერთისა მეორის მიერ. მიწიერი და სულიერი იერარქია _ ეს ბოროტებისა და სიკეთის ორი მხარეა, რომლებიც მოკავშირე მხარეებს ქმნიან. სახელმწიფოთა მთავარი არსი იერარქიათა მექანიკურ აღრევაში მდგომარეობს, რაც იწვევს სახელმწიფოთა ნაადრევ დაშლასა და ნგრევას.
ჭეშმარიტად, მაინც ვინ არის იერარქიის დაქვემდებარების მიღმა?! მხოლოდ უმეცრებსა და მატყუარებს შეუძლიათ სხვადასხვა მეტსახელების საშუალებით ჩრდილი მიაყენონ იერარქიას. მათ იერარქიის თავისუფლება კი არა, საკუთარი კლანების მონობა მოაქვთ, ვინაიდან ყოველწამიერი უნდობლობის, მუდმივი ზედამხედველობის უღელქვეშ იმყოფებიან. სულიერ იერარქიაში ზედამხედველობა გარდაქმნილია თანამშრომლობად და გულახდილობად.
ზედამხედველობა წარმოშობს ძალადობიდს დისხციპლინას, ნდობა წარმოშობს თვითდისციპლინის სიკეთეს.
კაცობრიობის ისტორია, ეს არის ადამიანთა წარმავალი იერარქიების ოკეანეთა შერევა იმ მდგომარეობამდე, სანამ ყვლას სულში არ გაიღვიძებს მოთხოვნილება ღირსებათა მოპოვებისა, რომლებიც ყოველდღიურ წინააღმდეგობათა მიუხედავად მიისწრაფვიან სულიერი იერარქიისაკენ. ჩვენი სინამდვილე შლის ღვთით მოცემულ მიზნებს, ადამიანური მიზნები მრავლდებიან და ანადგურებენ კოსმიურ ნორმებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ კოსმიურ იერარქიასთან ურთიერთობა შეიძლება დაეხმაროს სინამდვილეზე ამაღლებული სულის აღმაფრენას. ვერ გავექცევით ცხოვრების წვრილმანებს, მაგრამ ის სულის შარავანდედით შეიძლება დავფეროთ. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანა ერის თვითსრულყოფაშია ანუ სულიერი იერარქიის პრინციპთა აღიარებაში, მაგრამ არა ადამიანურის, რომელიც იმონებს რასებს, ხალხებს, ფენებს და ცალკეულ ადამიანებს.
ძირს ადამიანური მონობა. დაე ყველა ერმა იზრუნოს, გახდეს რჩეული ღმერთის თვალში, ხოლო ყოველი ადამიანი, ცხოვრებაში მოპოვებული სულიერი პოტენციალის თანახმად გახდეს ღირსი სულიერ იერარქიასთან თანაზიარობის უფლებისა.
მუხლი 20. უფლებათა ბევრი წესდებაა შექმნილი კაცობრიობის მიერ, მაგრამ არაფერია ნათქვამი უმთავრეს უფლებაზე _ კოსმიურ უფლებაზე. შესაძლებელია დავინახოთ, თუ რამდენად ხშირად გამოიყენება და მართავს ცხოვრებას ეს უფლება. ხშირად შეიძლება შევამჩნიოთ, რომ რაღაც, ადამინათა კანონების მიხედვით შეუძლებელი, მაინც სრულდება. ამიტომ ბევრჯერ უსუსურია ადამიანთა წინასწარი სიფრთხილე. შეუძლებელია არ ვიგრძნოთ, რომ რაღაც, მიწიერ მოსაზრებებზე ზეარსებული, მართავს გარემოებას. ამ რაღაცაში ნებისყოფაც, ძალაუფლებაც და უთუოდ მომაჯადოებელი მიმზიდველობაც ძევს. კოსმიურ უფლებას, ადამიანები მსოფლიო პრობლემებისაკენ მიჰყავს. ისინი ხანდახან თვითონაც ვერ ხსნიან თუ როგორ წარმოიშვებიან მოულოდნელი გარემოებანი, სამაგიეროდ კარგად აცნობიერებენ თუ როგორ ანთია მათი გული. ამგვარად ადამიანი თითქოს ერთვება რაღაც აგარდაუვალში. ამ წარუშლელი უფლების საშუალებით შეიძლება ყველაზე საშინელი უფსკრულები გადავლახოთ.
ასეთ უფლებამოსილებას შეიძლება იერარქიული ვუწოდოთ. მაგრამ თუ დავუმატებთ მნათობთა და შორეულ სამყაროთა მოხაზულობას, მაშინ ასეთი უფლება შეიძლება განვსაზღვროთ როგორც _ კოსმიური უფლება.
მუხლი 21. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიუთითოს თითოეულს მის მოვალეობაზე და პასუხისმგებლობაზე, საზოგადოების წიანშე.
გქონდეს უფლება, ეს ნიშნავს პასუხისმგებელი იყო მასზე, ამიტომ ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მაწონასწორებელ საწყისად ადამიანი მოვალეობათა დეკლარაცია ითვლება.
მოვალეობა და უფლება განუყოფელია, უფლებისა და მოვალეობის სფეროში უმეცრებასა და მის ბოროტად გამოყენებას ბოლო მოეღება ორივე დებულების მკაფიო აღიარების შემთხვევაში.
დავიცვათ საზოგადოება უფლებების ბოროტად გამოყენებისაგან, იმ უფლებებით, რომელიც ჩვენს ახლობლებს მათ მოვალეობაზე, ვალდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე მითითების უფლებას გვანიჭებს.
მუხლი 22. ყოველ ადამიანს აქვს სრულუფლებიანობის უფლება. ეს განსაკუთრებით ტევადი უფლება, ჭეშმარიტი თანასწორუფლებიანობის განმტკიცებას ნიშნავს. თანასწორუფლებიანობა არ არის იქ სადაც ერს პროგრესის ყოველგვარი შესაძლებლობა მოუჭრეს. ადამიანები ამაყობენ მონობის მოსპობით, მაგრამ არის კი იგი ყველგან მოსპობილი? ძალიან ხომ არ დახვეწა მან თავისი ფორმები ფარისევლობის ნიღაბქვეშ, რათა დაიპყროს მთელი ერები? შეუძლია კი დედამიწის მცხოვრებთ მშვიდად ეძინოთ, როდესაც სადღაც ადამიანის ღირსება პირუტყვის მდგომარეობამდეა დამცირებული? შეიძლება, რომ განათლებულმა ადამიანებმა იტრაბახონ, როცა იციან, რომ არ არსებობს სრულუფლებიანობა?
კაცობრიობის საქვეყნო სრულუფლებიანობა დროის ნიშანი უნდა გახდეს. საერთო აზრმა მკაცრად უნდა მოითხოვოს სამართლიანობა.  ასეთი სრულუფლებიანობა, საკაცობრიო ურთიერთობათა შორის, ბუნებრივ კანონად უნდა იქცეს. სრულუფლებიანობა ყველაზე აუცილებელი პირობა იქნება, განსაკუთრებით ქალთა სრულუფლებიანობასთან დამოკიდებულებაში. გაცნობიერებული სრულუფლებიანობის მოვალეობანი გაათავისუფლებენ ცხოვრებას უხეში ჩვევებისაგან, ბილწსიტყვაობისაგან, სიცრუისაგან, უსუფთაო ყოფისაგან. მაგრამ ახალი ევოლუცია ადრეული სიყრმის წლებიდან უნდა დაიწყოს, თუ აზრებმა მის შესახებ დამოუკიდებლად არ გამოავლინა მათში თავისი თავი. შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამჟამად ბევრი ქალი გვყავს კარგად, რომ ესმით სრულუფლებიანობის მნიშვნელობა.
ამგვარად სამართლიანია, რომ სრულუფლებიანობის საკითხი გადაჭრილად არ ჩაითვლება არა მარტო ქვეყნებისა და ერების ან ცალკეული პირების ურთიერთდამოკიდებულებაში, არამედ მთელი კაცობრიობის მეორე ნახევართან _ ქალთა საკითხთან დამოკიდებულებაშიც.


 
პოსტამბულა

"სრულქმნილი ადამიანი საკუთარ თავში ეძებს,
არასრულქმნილი საკუთარი თავის მიღმა”
(კონფუცი)


  ადამიანი უნდა დაუბრუნდეს საწყისს, - მითითებული უფლებების რეალიზება მოახდინოს საკუთარ თავში, რათა მიაღწიოს რეალურ სულიერ თანაზიარობას ღმერთთან. აუცილებელია მართებულად გავიგოთ სიტყვები, "თქვენ ღმერთნი ხართ,” ვინაიდან თუ ადამიანი ღმერთს ეკუთვნის და როგორც მისი საკუთრება, ღვთისაა, მაშინ როგორც ღმერთის ანარეკლი, იგი ზეციერი მამის ცეცხლის ნაპერწკალი უნდა იყოს, უბრალოდ კი არ უნდა ეკუთვნოდეს მას, არამედ ჭეშმარიტად თვითონ უნდა იყოს იგი.
მაგრამ, მსოფლიო ინფორმაციის საშუალებანი ადამიანთა წარმოების პროდუქტებს აცხადებენ იმ ერთადერთ მატერიალურ საგანძურად, რომელთა დაფასებაცაა საჭირო. ადამინი უნდა მიხვდეს, რომ სწორედ ადამიანურ წარმოსახვათა შხამით არის გაჟღენთილი სიკვდილის ნესტარი. მიხვდეს, რომ "ძალა ცოდვისა - კანონია” და რომ ეს კანონი თვითონ ადამიანმა აღიარა: "უკანონოდ ჩავისახე და ცოდვაში მშვა დედამ ჩემმა,” რითაც მან უარყო პირველშობილობის უკვდავი უფლება, ზეციური მამის ნაბოძვარი, რომელმაც ყველას მის მიერ შექმნილს სამართლიანად უწოდა, _ მოდგმა თავისი.”
ეს იმათთვისაა ვინც ეთაყვანება "თავისუფალ სიყვარულს, ექომაგება საკუთარ ეგოიზმს და სწამს საუკუნეებით ნალოლიავები სიცრუე, რომ თითქოს ყველა მდაბალია და ჭეშმარიტების გზიდან სამუდამოდ გადაცდენილი. სწორედ ასეთნი უარყოფენ ხხჳ საუკუნის ადამიანთა უფლებებს და ფართხალებენ წარმავალ სიამოვნებათა ჭაობში, რომლის იქით არა არს რა სასოწარკვეთის, შიშის და ტანჯვის მეტი, ტანჯვისა, რომელიც ართმევს (ადამიანს) ღვთიური სიყვარულის ძალას. არ შეიძლება თავისუფალი იყოს ის, ვინც ვერ სძლია საკუთარ თავს.
და ეს ხდება მაშინ, როცა ათასწლეულებია რაც არსებობს უფლებები, რომლებიც გვიცავენ ცოდვებისაგან და იმ ტანჯვისაგან, რაც მათთანაა დაკავშირებული. ათასობით წლის წინათ ყოველ ადამიანს ებოძა უფლება ყოფილიყო საკუთარი თავის მხსნელი, ამ სიტყვის ყველაზე ჭეშმარიტი გაგებით. არაფერი თქმულა უღირსი მოკვდავი ხორცისა და სისხლის შესახებ, "სასრული” ადამიანის შესახებ, თქმულია ღმერთკაცზე, სიცოცხლის არსებობაზე, რომელიც ყოველი სულის განპიროვნებული რეალობაა. არსებობა უფლისა განპიროვნებული, როგორც უზენაესი არსება არის "მე ვარ.” ეს ის ცეცხლოვანი სულია, უკვდავი, არნაშობი, არშექმნილი, არამედ შემქმნელი, _ რომელმაც მოსესთან საუბრის დროს ალმოდებული ბუჩქიდან წარმოსთქვა: "მე ვარ ის, რომელიც ვარ.”
უფლებანი, ღმერთის წინაშე მოსაპოვებელი, ბევრია. წარმოდგენილი უფლებები საძირკველს უქმნიან მომავალ ყველა ღვთიურ უფლებას.
ბევრი ეკალ-ბარდია მათ გზაზე, ვინც წარმოდგენილ უფლებათა მოსაპოვებლად მიისწრაფვის, მაგრამ არცერთი ძალისხმევა არ დაიხარჯება ფუჭად, ყველა ძალისხმევა ცვლილებებთან მიგვიყვანს. ისინი, ვისთვისაც ამ გზის ყოველი ნაბიჯი ცნობილია გვეუბნებიან: ცვლილებები სასურველი გახდებიან როგორც კი სული შეეჩვევა, ხოლო გონება შეეგუება ახალ უფლებებს, რის მეშვეობითაც ყოველი ჩვენგანი წარმოიქმნება (შეიქმნება, წარმოჩინდება) სულის არისტოკრატად, ღმერთთან დაახლოებულად.

ქრისტეს სიყვარული _ აღავსებს სიცოცხლეს!
ქრისტეს სიყვარული _ ათავისუფლებს სიცოცხლეს!
ქრისტეს სიყვარული _ თანაარსია სიცოცხლისა!
ჩვენთან არს ღმერთი!
1994წ.